სომხეთი და აზერბაიჯანი საზღვარზე სროლის შესახებ იუწყებიან
სომხეთი და აზერბაიჯანი საზღვარზე სროლის შესახებ იუწყებიან

სომხეთი და აზერბაიჯანი საზღვარზე დაპირისპირების შესახებ იუწყებიან.

სომხური მედიის ცნობით, სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ადგილობრივი დროით დილის 6:00 საათიდან აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ნაღმტყორცნებიდან სროლა სოფელ სოტკის მიმართულებით მდებარე სომხური პოზიციების მიმართ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, არამ ტოროსიანის თქმით, შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერევანი დაადანაშაულა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანი საპასუხო ზომებს იღებს.

„დღეს დილიდან სომხეთის შეიარაღებული ძალები კიდევ უფრო ამძიმებენ ვითარებას. ნაღმტყორცნებიდან ესვრიან აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს, აზერბაიჯანიც, თავის მხრივ, იღებს საპასუხო ზომებს“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.