სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ბასარგეჩარის რაიონის სოფელ იუჰარი შორჟაში მდებარე პოზიციებიდან, სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღებიდან, მათ შორის სნაიპერული შაშხანებიდან და ყუმბარმტყორცნებიდან სროლები განახორციელეს ქელბაჯარის რაიონში განლაგებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართულებით. თავდაცვის უწყების ცნობით, აზერბაიჯანის არმიის პერსონალს შორის მსხვერპლი არ არის. სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის პოზიციების მიმართულებით საპასუხო ცეცხლი გახსნეს და ამჟამად ინციდენტის ადგილას ოპერატიულ ვითარებას აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები აკონტროლებენ.
თავის მხრივ, მედიის ცნობით, სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს გეღარქუნიკის რაიონის სოფელ ვერინ შორჟაში განთავსებული სომეხი სამხედროების მიმართულებით და სომხურმა მხარემ საპასუხო ცეცხლით უპასუხა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხურ მხარეს მსხვერპლი არ არის.