სომხეთი აზერბაიჯანს სახელმწიფო საზღვარზე დელიმიტაციის კომისიის სხდომის ჩატარებას სთავაზობს
სომხეთმა აზერბაიჯანს ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვარზე დელიმიტაციის კომისიის სხდომის ჩატარება შესთავაზა. ამის შესახებ აღნიშნულია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სომხეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ყველა სირთულისა და გამოწვევის მიუხედავად, არსებობს ორ ქვეყანას შორის მშვიდობის დამყარების რეალური შანსი, რაც შეიძლება განხორციელდეს, თუ ორივე მხარეს ექნება პოლიტიკური ნება.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, მოლაპარაკებების პროცესის ჩიხში შეყვანის თავიდან ასაცილებლად და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის მიზნით, სომხეთმა აზერბაიჯანს გაუგზავნა თავისი კომენტარები შეთანხმების პროექტზე.
სომხეთი ადასტურებს მზადყოფნას, განაახლოს მოლაპარაკებებში მონაწილეობა შემდეგი პრინციპებით: ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარება ყოველგვარი გაურკვევლობის გარეშე და მისი პატივისცემა; სამომავლო დელიმიტაციის პროცესი ალმათის დეკლარაციისა და საბჭოთა კავშირის ლეგიტიმური რუკების საფუძველზე; რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვა სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, იურისდიქციის, თანასწორობისა და ორმხრივობის პრინციპების სრული პატივისცემის საფუძველზე.
მანამდე აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, აზერბაიჯანული მხარე სომხეთთან პირდაპირი ორმხრივი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და ერევანს სახელმწიფო საზღვარზე შეხვედრის ვარიანტს სთავაზობს.