სომხეთ-ირანისა და სომხეთ-თურქეთის საზღვრის დაცვაში, რუს სამხედროებთან ერთად, სომხეთის სასაზღვრო ჯარებიც ჩაერთვებიან
სომხეთ-ირანისა და სომხეთ-თურქეთის საზღვრის დაცვაში 2025 წლის 1-ლი იანვრიდან, რუს სამხედროებთან ერთად, სომხეთის სასაზღვრო სამსახურის სამხედროებიც ჩაერთვებიან.
ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ნაზელი ბაგდასარიანმა გაავრცელა.
„სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე მიღწეულია შეთანხმება, რომ 2025 წლის 1-ლი იანვრიდან სომხეთისა და ირანის, ასევე სომხეთისა და თურქეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვაში სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას“, – ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის განცხადებაში.
ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომხეთის მთავრობის მეთაურისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრაზე განიხილებოდა საკითხთა ფართო წრე, მიღწეულია კონკრეტული შეთანხმებები, რომლებიც დაკავშირებულია ენერგეტიკულ, საგანმანათლებლო და ჰუმანიტარულ სფეროსთან.