სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლის შედეგად სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლის შედეგად სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს.
როგორც ერევანში იუწყებიან, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 25 მაისს ცეცხლი გაუხსნეს სომხეთის არმიის პოზიციებს გეღარქუნიკის ოლქში.
ამასთან, როგორც სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ორმხრივი სროლის შედეგად სასიკვდილოდ დაიჭრა სომეხი ჯარისკაცი.
„უმცროსი სერჟანტი ხურშუდიანი სასიკვდილოდ დაიჭრა ორმხრივი სროლის დროს, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგემ ცეცხლი გახსნა სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო რაიონში“, – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.