სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 35 ბოძი აღმართეს, რაც დაგეგმილი სამუშაოების ნახევარზე მეტია
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 35 ბოძი აღმართეს, რაც დაგეგმილი სამუშაოების ნახევარზე მეტია.
სომხური მედიის ინფორმაციით, გეოდეზიური გაზომვების საფუძველზე სომხეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარზე კოორდინატების გარკვევის სამუშაოები გრძელდება. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ქვეყნის ვიცე-პრემიერი, მგერ გრიგორიანი და სხვა ოფიციალური პირები ტავუშის რეგიონის სოფელ კირანცის მოსახლეობას აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენაზე ესაუბრნენ.
სომხური მედიის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა მოსახლეობას დეტალურად გააცნო მიმდინარე პროცესი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის ყველა პრობლემა ცნობილია. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ სოფელ კირანცის მცხოვრებლების აზრის გათვალისწინება არ ისურვა. შეხვედრამ დაძაბულ ატმოსფეროში ჩაიარა, რა დროსაც კირანცის ერთ-ერთმა მკვიდრმა განაცხადა, რომ მზად არის, სახლი გადაწვას და სოფელი დატოვოს.