სომეხი ექსპერტი სოსი ტატიკიანი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს - არ არის საჭირო განტევების ვაცად სომხების გამოყვანა და ჩვენთან დაკავშირებული არასასურველი ასოციაციების შექმნა
მოვუწოდებდი ქართველ ლიბერალებს, არ გაავრცელონ ანტისომხური სტერეოტიპები. სააკაშვილი ცნობილი იყო ამით, არ ველოდი ამას ზურაბიშვილისგან, – ამის შესახებ ექსპერტი სომხეთიდან სოსი ტატიკიანი სოციალურ ქსელში წერს.
სოსი ტატიკიანი ეხმიანება „სიენენთან“ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ „საქართველოში საპარლამენტო არჩევნები „სომხური კარუსელის“ მეშვეობით გაყალბდა.“
„არ არის საჭირო განტევების ვაცად სომხების გამოყვანა და ჩვენთან დაკავშირებული არასასურველი ასოციაციების შექმნა ქართველების შიდა პრობლემებისთვის, რომლებიც რუსეთის ჰიბრიდული ომით არის გამწვავებული.
მოვუწოდებდი ქართველ ლიბერალებს, არ გაავრცელონ ანტისომხური სტერეოტიპები. სააკაშვილი ცნობილი იყო ამით, არ ველოდი ამას ზურაბიშვილისგან. შეწყვიტეთ სომხების ანტაგონიზაცია, ჩვენ არ ვართ თქვენი მტრები, ჩვენც ვიტანჯებით რუსეთის მსგავსი ჰიბრიდული ომისგან.
კარგი საქმე გააკეთეთ, ქალბატონო ზურაბიშვილო. როგორც პოლიტიკოსმა, თქვენ ძალიან გამოცდილი ხართ იმისთვის, რომ არ იცოდეთ თქვენი დონის ფიგურისგან წამოსული სიტყვების ფასი.
ამის ნაცვლად, თქვენ გაახარეთ რეგიონში რუსეთის ახალი მოკავშირე – აზერბაიჯანი, რომელიც სომხოფობიას აღვივებს. გილოცავთ“, – აცხადებს სოსი ტატიკიანი.