სომეხ ქალთა კავშირ „შუშანიკის“ ინიციატივით, ძირითადი ბარეკენდანი ჰარისას ფესტივალით აღინიშნა
საქართველოს სომეხ ქალთა კავშირ „შუშანიკის“ ინიციატივით, დიდმარხვის წინა დღეს თბილისში ძირითადი ბარეკენდანი ჰარისას ფესტივალით აღინიშნა.
ღონისძიება საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს მხარდაჭერითა და კულტურის ცენტრ „ჰაიარტუნის“ ხელშეწყობით მოეწყო.
ჰარისა სომხური ეროვნული კერძია. მისი მომზადება ხანგრძლივი, თუმცა ძალიან საინტერესო პროცესია. ხორბალს, ქათმის ან ცხვრის ხორცს წყალში ხარშავენ, ხის კოვზით ურევენ, სანამ ერთიან მასას მიიღებენ. დაგემოვნების დროს უმატებენ ერბოს ან კარაქს.
გადმოცემის თანახმად, ჰარისას მომზადების ტრადიცია გრიგორ განმანათლებლის სახელს უკავშირდება. ღარიბების გამოსაკვებად იგი სოფლის ხალხისგან დიდი რაოდენობით ხორცს და ბურღულეულს ითხოვდა, ხოლო თავის მოწაფეებს უბრძანებდა, რომ მოერიათ ქვაბში მოთავსებული ხორცი და ამბობდა „ჰარექ სა“, აქედან მოდის კერძის სახელწოდება ჰარისა.
ჰარისას ფესტივალი წელს საქართველოს სომეხთა ეპარქიის სომხებით დასახლებულ თითქმის ყველა რეგიონში აღინიშნება.
თბილისში ჰარისას ფესტივალი კულტურის ცენტრ „ჰაიარტუნში“ გაიმართა. მრევლმა და მოწვეულმა სტუმრებმა ჰარისა დააგემოვნეს და ძირითადი ბარეკენდანი აღნიშნეს.
ფესტივალს სომხეთის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი მეუღლესთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.
ჰარისას ფესტივალი სიმღერითა და მუსიკალური ნომრებით დასრულდა.