სოლომონ პავლიაშვილი - ვეცდებით, არც ერთ გლეხს არ დარჩეს ჩაუბარებელი ყურძენი და ფასიც იყოს მისაღები
სოლომონ პავლიაშვილი - ვეცდებით, არც ერთ გლეხს არ დარჩეს ჩაუბარებელი ყურძენი და ფასიც იყოს მისაღები

ვეცდებით, რომ არც ერთ გლეხს არ დარჩეს ჩაუბარებელი ყურძენი და ფასიც იყოს მისაღები, როგორც გლეხებისთვის, ასევე ფერმერებისთვის, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 2012 წლიდან ღვინის მწარმოებელი კომპანიების რაოდენობა და 51-დან 1088-მდე გაიზარდა, რაც როგორც პავლიაშვილი ამბობს, კონკურენციის ზრდის მაჩვენებელია.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, უწყების წარმომადგენლებმა ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა უკვე გამართეს და მათი აზრი მოისმინეს.

„იმედი მაქვს, რომ რთველის სპეციალური საკოორდინაციო შტაბისა და უმაღლესი დონის ლოჯისტიკის მეშვეობით, წელს რთველი წარმატებით ჩაივლის. სახელმწიფოს აქვს მონახაზი, თავადაც განახორციელოს, ყურძნის გარკვეული რაოდენობის შესყიდვა, რათა კონკურენტუნარიანი გარემო შეიქმნას და კომერციულმა სექტორმა ამაზე დაბალ ფასად ვერ შეისყიდოს ყურძენი“, – განაცხადა პავლიაშვილმა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, მოსავლის დაბინავებასთან დაკავშირებით წინასწარი უარყოფითი მოლოდინები პოლიტიკური დაძაბულობით იყო გამოწვეული.

პავლიაშვილი ამბობს, რომ წელს ყურძნის ფასი მისაღები და სტაბილური იქნება, თუმცა არ აკონკრეტებს ერთი კილოგრამი ყურძნის სავარაუდო ფასს. მინისტრის მოადგილის თქმით, ნეგატიური განწყობები ნაადრევია.