„სოლიდარობის ქსელის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მოძრაობა არ არის პოლიტიკური
„სოლიდარობის ქსელის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მოძრაობა არ არის პოლიტიკური. ისინი დღეს თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურნენ.
ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ისინი შეიძლება ახალგაზრდები არიან, თუმცა არ არიან არაკომპეტენტურები.
„სოლიდარობის ქსელის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, ისინი უკვე დიდი ხანია ამ ბრძოლაში არიან ჩართულები და მათი მიზანი მშრომელი ადამიანების უფლებების დაცვაა.
„აქციაზე იყვნენ მოსულები პარტიის წარმომადგენლები, მაგრამ პირდაპირ განვუცხადეთ, რომ მათთან ერთად არ ვიბრძოლებთ. ეს მოძრაობა დაცლილია პარტიულობისგან, თუმცა არის პოლიტიკური და ვითხოვთ უკეთეს სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას ქვეყანაში“, – განაცხადა ორგანიზაციის წევრმა, ნენო ჩარკვიანმა.
ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი კონსულტაციებს მართავენ სხვადასხვა პარტნიორ ჯგუფებთან და სამომავლო გეგმებზე მალე ისაუბრებენ.
თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ განაცხადა: „ორშაბათს გამართულ აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, რაც სამწუხაროა და არ გავაგრძელებ, ვინ დგას ამის უკან, ვინ მართავს ამ ყველაფერს“.