„სოლიდარობის ფონდი" ონკოლოგიური პაციენტების დასახმარებლად საქველმოქმედო აუქციონს მართავს
„სოლიდარობის ფონდი” საქველმოქმედო აუქციონს გამართავს. ფონდის ინფორმაციით, აუქციონზე წარმოდგენილი იქნება ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრები, სპორტსმენების და სახელგანთქმული მოღვაწეების პირადი ნივთები.
აუქციონის შედეგად შეგროვილი თანხა ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების და 22 წლამდე ახალგაზრდების მკურნალობას მოხმარება. საქველმოქმედო აუქციონი 26 აპრილს, 19 საათზე, ტექნოპარკში გაიმართება.
შეგახსენებთ, „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ 2014 წელს დაარსდა. ფონდის ანგარიშის თანახმად, ამოქმედებიდან 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით, ფონდის მიერ საერთო ჯამში 13 160 393 ლარი იქნა მობილიზებული. ეს ქვეყნის მასშტაბით 482 საჯარო უწყებაში დასაქმებულ თანამშრომლებსა და 74 ორგანიზაციასთან, მათ შორის 58 კერძო კომპანიასთან პარტნიორობის შედეგია.
ფონდმა სიმსივნით დაავადებული 504 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსება შეძლო. 213 ბავშვსა და ახალგაზრდას საქართველოში დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაუფინანსდა. 292 შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების დაფინანსება დამტკიცდა როგორც საქართველოს, ასევე გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ავსტრიის, ისრაელის, იტალიის, საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების კლინიკებში.