აფხაზეთის ე.წ. პირველმა ვიცე-პრემიერმა დაურ არშბამ რაულ ხაჯიმბას მომხრეებს შეკრებისკენ მოუწოდა.
არშბამ მოქალაქეებს მიმართა, რომ მოსკოვის დროით 15:00 საათზე ე.წ. მთავრობის წინ შეიკრიბონ.
„თქვენთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტს თანამდებობიდან გადადგომა შესთავაზეს. ჩვენ ვიცით მისი პასუხიც. ვალდებულნი ვართ, მხარი დავუჭიროთ ჩვენს პრეზიდენტს“, – განაცხადა დაურ არშბამ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გუშინ დილიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების ნაწილი ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრა. სოციალურ ქსელში შეჭრის კადრებიც გავრცელდა.
აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ ე.წ. არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.
ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს.