სოხუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
სოხუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სოხუმის დრამატული თეატრის მიმდებარე მოედანზე ე.წ. ოპოზიციის „სახალხო აქცია“ მიმდინარეობს. ამის შესახებ „ეხო კავკაზი“ წერს.

მედიის ცნობით, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ეწინააღმდეგებიან კანონს „ბინების ლეგალიზაციის, აფხაზეთის დასახლების, აფხაზური მიწების განაწილებისა და ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის“ შესახებ.

„ეხო კავკაზას“ ცნობით, სოხუმის ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსის ირგვლივ უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები გატარდა, დამონტაჟდა ლითონის ღობეები, მავთულხლართები და განთავსდა ავტობუსები.

როგორც მედია წერს, ბინების ლეგალიზაციის შესახებ კანონი აფხაზეთის საზოგადოებას, რამდენიმე თვეა, აწუხებს, ასლან ბჟანია კი დაჟინებით მოითხოვს კანონის მიღებას.

ამასთან, „აფხაზეთის ვეტერანთა და მოქალაქეთა საზოგადოებრივმა კავშირმა“ 25 მაისს ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვა.