სოხუმის დრამატულ თეატრში გენო კალანდიას ხსოვნის საღამო მიმდინარეობს
სოხუმის დრამატულ თეატრში პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, გენო კალანდიას ხსოვნის საღამო მიმდინარეობს. საღამო პოეტის 80 წლის იუბილეს ეძღვნება.
ღონისძიებაზე მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემოქმედებითი კოლექტივები, მუსიკალური ანსამბლები და მსახიობები, რომლებიც პოეტის ლექსებს კითხულობენ.
საღამოზე აჩვენეს პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ვიდეოკოლაჟები.
ღონისძიება დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით იმართება.
გენო კალანდია 2017 წელს გარდაიცვალა. ის სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, პარლამენტის წევრი. პოეტი თანამედროვე ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენითაა დაჯილდოებული. ის ასევე შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატია.
გენო კალანდია 30-მდე პოეტური კრებულისა და დრამატული პიესის ავტორია. მისი წიგნები თარგმნილია სხვადასხვა ენებზე.