სოხუმის „დინამოს“ დამფუძნებელი მამუკა ბიძინაშვილი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა #1TVSPORT
სოხუმის „დინამოს“ დამფუძნებელი მამუკა ბიძინაშვილი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ სოხუმის „დინამოს“ დამფუძნებელი მამუკა ბიძინაშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მამუკა ბიძინაშვილი საქართველოს დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაციის დაფუძნების აქტიური მხარდამჭერი და საინიციატივო ჯგუფის წევრი გახლდათ, 1990 წლის შემდეგ კი მუდამ ქართული ფეხბურთის სამსახურში იყო.

დამოუკიდებლობის შემდეგ იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც კერძო კლუბი დააფუძნა – „იბერია“, რომელიც თავიდან ნაძალადევში, ე.წ. ტრიკოტაჟის სტადიონზე გაზრდილი მოთამაშეებისგან ჩამოყალიბდა; შემდეგ გუნდს თსუ დაერქვა, რომელიც „შევარდენს“ შეუერთდა, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა და ახალგაზრდულ ნაკრებს რამდენიმე მოთამაშე გაუზარდა.

მამუკა ბიძინაშვილმა 2013 წელს აღადგინა ისტორიული კლუბი სოხუმის „დინამო“ და ქართულ საფეხბურთო სივრცეში დააბრუნა. შემდეგ კი სოხუმის „დინამოს“ ქალთა გუნდიც შექმნა, რომელიც ეროვნულ ლიგაში დაწინაურდა და დღეს ნაკრებს მოთამაშეებით ამარაგებს.