საფეხბურთო კლუბ სოხუმის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად ვასილ ჭეიშვილი დაინიშნა, – ინფორმაციას გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
გასულ წელს გუნდის მთავარი მწვრთნელი დავით თაქთაქიშვილი იყო, რომელიც კლუბის დირექტორი გახდა. გამოცდილი სპეციალისტის ასისტენტად კი ახალგაზრდა მწვრთნელი, სოხუმელთა დუბლშემადგენლობის მთავარი მწვრთნელი, ლაშა-გიორგი ქანთარია იმუშავებს.
ვასილ ჭეიშვილი საქართველოში ყველას დაამახსოვრდა თბილისის „სპარტაკში“ (2003 წელი) მუშაობით, სადაც ნიჭიერი ახალგაზრდების მთელი ჯგუფი დააწინაურა – ზურაბ მამალაძე, კახა ალადაშვილი, თენგიზ ჩიკვილაძე, გრიგოლ დოლიძე, დავით ბოლქვაძე. მერე იყო ზესტაფონის „მეტალურგი“ (2000-2001), რომელიც პირველი ლიგის ჩემპიონი გახადა.
მაგრამ მისი ადგილი საქართველოში მაინც არ მოიძებნა და უცხოეთში წავიდა. იმუშავა აზერბაიჯანის და უზბეკეთის საფეხბურთო გუნდების მთავარ მწვრთნელად და აკადემიის ხელმძღვანელად. იყო მთავარი მწვრთნელი უზბეკურ „ცემენტჩში“ (1998-2000), მერე აზერბაიჯანულ კლუბებში – ბაქოს „ოლიმპიკში“ (2005-2008), „ბაქი“-ში (2009-2011). ამას გარდა, ბოლო 7 წლის განმავლობაში ორი აზერბაიჯანული კლუბის აკადემიის სპორტული დირექტორი გახლდათ: 2012-2016 წლებში „ალინჯაში“, ხოლო 2016-2018 წლებში – „სუმგაითში“.
ბოლო ორი წლის განმავლობაში პოლონურ და ბულგარულ გუნდებთან საფეხბურთო მეთოდოლოგიის საკითხებზე თანამშრომლობდა. ჭეიშვილი მოთამაშეთა პერსპექტივაზე, მომზადებაზე და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ახალ მეთოდოლოგიას ამკვიდრებს.