სოხუმის „დინამო“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გამართულ დაჯილოებას გამოეხმაურა, სადაც კლუბს საგანგებო ჯილდო გადასცეს.
„უპრეცედენტოა, რაც ჩვენი კლუბის შემთხვევაში მოხდა. აფხაზეთის მთავრობის და პირადად სპორტის და კულტურის სამსახურის უფროსის, ბატონი ვიტალი ბენდელიანის ინიციტივით საფეხბურთო კლუბი პირველად დაჯილდოვდა – ჩვენი კლუბი ქალთა საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბებისა და ამ მიმართულებით გადადგმული განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა. კლუბის სახელით მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი კლუბი დააფასა და ასეთი პატივი დაგვდო. მადლობა ჩვენი კლუბის ყველა წევრს ამ წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის, რადგან ეს პრიზი ჩვენი კლუბის თითოეული წევრის დამსახურებაა“, – წერია სოხუმის „დინამოს“ წერილში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილ ვეტერან სპორტსმენთა, სპორტის მუშაკთა და წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების ტრადიცული დაჯილდოება გაიმართა.
ტრადიცია პანდემიის მიუხედავადაც არ დაირღვა – დაჯილდოების ცერემონია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, ვალერი არქანიას არტ-გალერეაში გაიმართა. გამარჯვებულებს საგანგებოდ შექმნილი კომისია განსაზღვრავს. კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოპოვება კი მიმდინარეობს შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანიზაციების, მათ შორის სპორტული ფედერაციების დახმარებით.
დააჯილდოვებულთა შორის არიან: ზურა შენგელია (ძალისმიერი სამჭიდი – ორგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი); დავით ზარქუა (მოჭადრაკე, აფხაზეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი); ბენო ადამია (ბრძოლა წესების გარეშე, მსოფლიოს ორგზის ქამრის მფლობელი, საქართველოს ჩემპიონი სამჯერ); მარიამ შხვაცაბაია (მძლეოსანი, საქართველოს ჩემპიონი, საქართვალოს ნაკრების წევრი); გერასიმე ესებუა (საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში); ლუკა კაჭარავა (მოფარიკავე, საქართველოს ჩემპიონი);
ამას გარდა დააჯილდოეს სოხუმის „ცხუმის“ მწვრთნელი ნუგზარ ბოჯგუა, სოხუმის „დინამოს“ ყოფილი მეკარე მურთაზ ვეკუა, ასევე სოხუმის „დინამოს“ ქალთა გუნდის მწვრთნელი დავით თაქთაქიშვილი და გუნდის კაპიტანი თამარ ახლობაძე. თაქთაქიშვილს აფხაზეთის ფეხბურთის განვითრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი დაუფასდა – სოხუმის „დინამომ“ მისი ინიციატივით აფხაზეთის სახელით პირველი გოგონათა გუნდი და ამიერკავკასიაში გოგონათა პირველი საფეხბურთო აკადემია ჩამოაყალიბა.