სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. „ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“ მიღწეული შეთანხმების დარღვევით, მოწინააღმდეგემ სოხუმის აღება შეძლო.
რუსულმა, ჩრდილოკავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი. ტყვედ აყვანილი ადამიანები, რომლებმაც სოხუმი არ დატოვეს, დახვრიტეს.
ქართული მხარის მიერ ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აფხაზეთიდან დევნილი 300 000 ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა.
სოხუმის დაცემის 28-ე წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები.