თამარ ხულორდავა - საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა სულ უფრო დინამიკური ხდება
თამარ ხულორდავა - საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა სულ უფრო დინამიკური ხდება

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა სულ უფრო დინამიკური ხდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა თამარ ხულორდავამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიისა და ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დიდი მიღწევებია ევროკავშირთან ურთიერთობის გზაზე, განსაკუთრებით კი 2018 წელს.

„სულ მალე გაიმართება საქართველო-ევროკავშირის საბჭო ბრიუსელში, რომელზეც საქართველოს წარმოადგენს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს შეხვედრაც, როგორც ერთ-ერთი შემდეგი ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ჩვენ დღეს განვიხილეთ სწორედ ის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც და რომლის საფუძველზეც წარდგება საქართველოს მთავრობა ამ სხდომაზე. ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია რჩება უმთავრეს პრიორიტეტად.

სხდომაზე განვიხილეთ ასევე საგზაო რუკა, რომელიც არის ჩვენი ხელისუფლების მიერ დამატებით აღებული ვალდებულება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ასოცირების შეთანხმების მიღმაც მზად ვართ, გადავდგათ ნაბიჯები, რომ კიდევ უფრო აქტუალური, რეალური და ხელშესახები გავხადოთ ის სიკეთეები, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციით“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიისა და ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის ერთობლივ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა წარადგინა ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმისა და DCFTA-ის შესრულების ერთი წლის ანგარიში. სხდომაზე ასევე მიიღეს ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა და განიხილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები.