სოფო ქაცარავა - მთავარი, რაც ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ ასახა ანგარიშში, არის ის, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში
შეფასებები, რაც თუნდაც ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ წარმოადგინა, არის ძალიან ჩვეულებრივი, დემოკრატიული და ჯანსაღი პროცესის ნაწილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ განუცხადა.
როგორც ქაცარავამ აღნიშნა, მთავარი, რაც ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ ასახა თავის ანგარიშში, არის ის, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში, მოქალაქეებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის საშუალება.
„აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მართლაც უპრეცედენტო რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებლები აკვირდებოდნენ არჩევნებს. როდესაც ისინი წარმოადგენენ რეკომენდაციებს, ხელისუფლება ყოველთვის ითვალისწინებს. დარწმუნებული ვარ, რომ, ამას გავაკეთებთ აუცილებლად. მთავარი მაინც ის არის, რომ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ ასახა თავის ანგარიშში – არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, მოქალაქეებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის საშუალება, კანდიდატები კონკურენტულ გარემოში წარმართავდნენ საარჩევნო კამპანიას. ასევე, საუბარია, რამდენად პოლარიზებული იყო მედია, საზოგადოება, წინასაარჩევნო გარემო, რაც არ არის კარგი, მაგრამ ეს არ არის სტანდარტები, რაც ჩვენ დავამკვიდრეთ. ეს იყო რეალობა, რის წინაშეც ჩვენ დავდექით“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.