სოფო ქაცარავა - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება ქვეყნისა და ხალხის სუვერენული არჩევანია
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ქართულ მხარეს მსგავსი რიტორიკა არაერთხელ მოუსმენია.
როგორც პირველ არხს ქაცარავამ განუცხადა, საქართველო განაგრძობს იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყანას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე ხელს შეუწყობს.
„რუსეთის ფედერაციის მხრიდან მსგავსი რიტორიკა და განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანება ქვეყნისა და ხალხის სუვერენული არჩევანია, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით და პარლამენტის რეზოლუციით. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ამოცანა, არამედ პირდაპირ ეხმიანება ქვეყნის განვითარებას, დემოკრატიული რეფორმებს, თავდაცვისუნარიანობის გაზრდას და ა.შ. ეს არის ჩვენი, როგორც შიდა პოლიტიკური ამოცანა, ასევე საგარეო პოლიტიკური კურსი. ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული“, – აღნიშნავს ქაცარავა.
დეპუტატის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამ წუთებში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებიან, სადაც ადგილზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეცნობიან.
„ამჟამად, საოკუპაციო ხაზთან ვიმყოფებით და ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვეცნობით. რეგიონების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დიდი გამოწვევების მიმართ ჩვენი პასუხი სწრაფი განვითარება და სამშვიდობო პოლიტიკაა“, – დასძინა ქაცარავამ.
რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის თქმით, საქართველოს ნატო-ში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულდება. „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესვლამ შესაძლოა, საშინელი კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვიოს. გაუგებარია, რა საჭიროა ეს ყველაფერი“,- განაცხადა მედვედევმა რადიო „კომერსანტ FM“-თან ინტერვიუში.