სოფო ქაცარავა - ბიძინა ივანიშვილის მიმართვა იყო ძალიან გულწრფელი და მომავალზე ორიენტირებული
ეს იყო ძალიან მკაფიო, გულწრფელი და მომავალზე ორიენტირებული განცხადება, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ხალხისადმი მიმართვის შეფასებისას განაცხადა.
როგორც სოფო ქაცარავამ აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის გზავნილები, რომელიც ქვეყნის განვითარების სამომავლო ხედვას ეხებოდა.
„ეს იყო ძალიან მკაფიო, გულწრფელი და მომავალზე ორიენტირებული განცხადება. მივიჩნევ, რომ მნიშვნელოვანია ის გზავნილი, რაც ჩვენ მოვისმინეთ ქვეყნის განვითარების სამომავლო ხედვაზე, სადაც აუცილებლად ჩართული იქნებიან ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები და კომპეტენტურები. ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ამ ცვლილებებს ჩვენ უახლოეს მომავალში დავინახავთ. ჩემი აზრით, ეს განცხადება სცდება საპრეზიდენტო არჩევნებს, მეორე ტურს და ეს არის ქვეყნის სწორი განვითარების სამომავლო ხედვა. ეს მიმართვა იყო ძალიან გულწრფელი და მომავალზე ორიენტირებული, რაც ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის”, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვა დღეს გაავრცელა.