სოფო ქაცარავა - აშშ-ს კონგრესში წარდგენილი ორპარტიული აქტი საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან მიმართებაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო ქაცარავას განცხადებით, აშშ-ს კონგრესში წარდგენილი ორპარტიული აქტი საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან მიმართებაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია.
როგორც ჟურნალისტებს ქაცარავამ განუცხადა, კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია ინიცირებული.
დეპუტატის შეფასებით, მომზადებული დოკუმენტი ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა.
„დოკუმენტი იმ რეზოლუციას სრულად ეთანხმება, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ტერიტორიულ მთლიანობასთან და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მიიღო. ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან მიმართებაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია. ამერიკისგან მეორე მნიშვნელოვანი გზავნილი რაც მივიღეთ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ეხება. ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური გზავნილია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში”, – განაცხადა ქაცარავამ.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ აშშ-ის კონგრესში წარდგენილი საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი (Georgia Support Act) კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას.