სოფო კილაძემ რომან გოცირიძეს მიმართა - ზუსტად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი ყელში გეჩხირებათ, მაგრამ ვერ მოინელებთ, პოლიტიკურად ის იქით მოგინელებთ
ქართველმა ხალხმა საკუთარ ტყავზე კარგად გამოსცადა, თქვენ როგორი დემოკრატია გქონდათ, როგორ ასაუბრებდით ხალხს, როგორი სიტყვის თავისუფლება იყო, პენიტენციურ სისტემაში როგორ ექცეოდით ადამიანებს, – ასე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის ანგარიშს ისმენდნენ.
მანამდე რომან გოცირიძემ კილაძეს სთხოვა, კომენტარი მისი სიტყვით გამოსვლის შემდეგაც გაეკეთებინა, როგორც ამას წინა გამომსვლელი ოპოზიციონერების შემდეგ აკეთებდა.
„ქალბატონო სოფო, განსხვავებით ჩემი კოლეგებისგან, ძალიან გთხოვთ, რომ ჩემი გამოსვლის შემდეგ ისევ გააკეთოთ კომენტარი, როგორც აკეთებდით აქამდე, რადგან ეს კომენტარები შევა პარლამენტარიზმის ოქროს ფონდში. გთხოვთ, რომ ამ შემთხვევაშიც არ აუაროთ გვერდი, ბოლოში არ დაგავიწყდეთ კარგი, მგზნებარე კომენტარი. შემდეგ სტუდენტებს ასწავლიან, თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი პარლამენტარი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
საპასუხოდ, სოფო კილაძემ რომან გოცირიძეს მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა.
„ბატონო რომან, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ყველა თავისი დანაყოფით, დემოკრატიის სიმბოლოა. ქართველმა ხალხმა საკუთარ ტყავზე კარგად გამოსცადა, თქვენ როგორი დემოკრატია გქონდათ, როგორ ასაუბრებდით ხალხს, როგორი სიტყვის თავისუფლება იყო, პენიტენციურ სისტემაში როგორ ექცეოდით ადამიანებს. ეს ყველაფერი ძალიან კარგად ნახა ჩვენმა ხალხმა, ამიტომ დასვით კითხვა“, – აღნიშნა სოფო კილაძემ.
რომან გოცირიძემ კითხვა მართლმსაჯულების სისტემაზე დასვა. მისი შეფასებით, სასამართლო სისტემა დეგრადირებულია და მართლმსაჯულება ქვეყანაში მოკვდა. რომან გოცირიძემ კომიტეტზე მყოფ სახალხო დამცველს ჰკითხა, როგორ ხედავს ის სისტემის გამოსწორების გზას ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში.
ამის შემდეგ, რომან გოცირიძეს კვლავ მიმართა სოფო კილაძემ და განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბიძინა ივანიშვილი „პოლიტიკურად მოინელებს“.
„ბატონო რომან, რა თქმა უნდა, მე ამ შესაძლებლობას ვერ გავუშვებ ხელიდან და ერთ რამეს გეტყვით ძალიან მოკლედ: თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ და ზუსტად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი ყელში გეჩხირებათ, მაგრამ ვერ მოინელებთ, პოლიტიკურად ის იქით მოგინელებთ. ამის პირობა შემიძლია, მოგცეთ“, – განაცხადა სოფო კილაძემ.