სოფო კილაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე რუსეთის წარმომადგენლებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობა შეახსენა
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიში დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ონლაინ სხდომაზე განიხილეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ავრცელებს.
„კომიტეტმა მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ინიციატივას და რუსეთს საქართველოს მოქალაქეების მიმართ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.
ევროსაბჭოს წევრებმა რუსეთის ფედერაციას, რეპორტის მიხედვით, კიდევ ერთხელ შეახსენეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად 2019 წლის 31 იანვარს, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ საქართველოს 1500 მოქალაქე დაზარალებულად ცნო და რუსეთს 10 მილიონი ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრა.
მიუხედავად ამისა, რუსეთის ფედერაცია დღემდე აჭიანურებს კომპენსაციების გადაცემას და თავს არიდებს დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროსაბჭოს ონლაინ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძემ რუსეთის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და კიდევ ერთხელ შეახსენა გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობა, რომელსაც 1 500 დაზარალებული მოქალაქე ელოდება.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეპორტს, რომელშიც სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივით შევიდა საკითხი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისადმი შეუსრულებელი ვალდებულების შესახებ. კერძოდ, 1 500 ჩვენი მოქალაქე 2006 წლიდან ელოდება, რომ რუსეთი შეასრულებს თავის ვალდებულებებს და გადაუხდის საქართველოს სახელმწიფოს და შემდეგ სახელმწიფო ამ თანხას გადაუხდის კონკრეტულ ადამიანებს, ვინც რუსეთის უკანონო ქმედებებით დაზარალდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა პლატფორმა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ყოველთვის შევახსენოთ რუსებს, სანამ არ შეასრულებენ ვალდებულებებს იმის შესახებ, რომ ჩვენი 1 500 მოქალაქის უფლებები დაირღვა და ამ უფლებებს სჭირდება აღდგენა“, – განაცხადა კილაძემ მედიასთან კომენტარში.