სოფო კილაძე - ვალდებული ვარ, ეკა ბესელიასთან დაკავშირებით ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია მივაწოდო შესაბამის უწყებებს, თუ დაინტერესდებიან
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ არ იცის, დაწყებულია თუ არა დეპუტატ ეკა ბესელიას მიმართ გამოძიება შესაძლო კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით.
ამასთან, როგორც კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, უკვირს, რატომ არ გადადგა გენერალურმა პროკურატურამ აქამდე შესაბამისი ნაბიჯები ამ მიმართულებით.
„არ ვიცი, ნამდვილად არის თუ არა გამოძიება დაწყებული, მაგრამ ფაქტია, რომ როცა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე გავხდი, კითხვები, რომელიც არსებობდა საზოგადოებაში ბესელიას მიმართ მის შესაძლო კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო გამიმრავლდა და ამ კითხვების შესახებ დავიწყე გუნდში საუბარი. ეს იყო საფუძველი, რომ ბესელიამ აღმიქვა პირად მტრად და აბსოლუტურად ყველგან, საერთაშორისო ორგანიზაციებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში ჩემი სახელის დისკრედიტაციას ახდენდა. ამის მიზეზი იყო მარტივი, რომ მე, ახალმა მოსულმა პოლიტიკოსმა გავბედე მის შესაძლო კორუფციულ საქმიანობაზე საუბარი“, – განაცხადა კილაძემ.
დეპუტატი ამბობს, რომ ეკა ბესელიას მხრიდან კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოითხოვა უმრავლესობის ერთ-ერთ სხდომაზე, რომელსაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. მისი თქმით, ამას ბესელიას მხრიდან ნეგატიური რეაქცია მოჰყვა.
„უმრავლესობის ერთ-ერთ სხდომაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა და ეს სხდომა მიჰყავდა, მოვითხოვე კონკრეტულ კითხვებზე პასუხების გაცემა ეკა ბესელიას მხრიდან, რაზეც მას თავად ჰქონდა ძალიან ნეგატიური რეაქცია და გარკვეული სცენები მოაწყო. მას გადაეფარნენ ლევან გოგიჩაიშვილი და გედი ფოფხაძე და ბიძინა ივანიშვილმა მთხოვა, შემეჩერებინა კითხვების დასმა, რათა სიტუაცია მეტად არ გამწვავებულიყო. იმის შემდეგ ამაზე ფაქტობრივად რეაგირება არ ყოფილა“, – აღნიშნა დეპუტატმა.
მისი თქმით, აღნიშნულ კითხვებზე ბევრი დეპუტატი საუბრობდა მანამდეც.
„ბევრი დეპუტატი საუბრობდა მანამდეც ამ კითხვის ნიშნებზე, მე არ ვიყავი ერთადერთი. იქიდან გამომდინარე, რომ ამ კომიტეტის საქმიანობაში უფრო მეტად ჩავიხედე, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მეტი ინფორმაცია მქონდა. კონკრეტულ თემებზე შეგნებულად არ და ვერ ვისაუბრებ. თუ ბესელია საჭიროდ ჩათვლის, სარჩელი სასამართლოში შეიტანოს, მზად ვარ, იქ ვისაუბრო. როცა ბესელია „ქართული ოცნების“ რიგებში იყო, თუ მის მიმართ კითხვები იყო, უნდა გადადგმულიყო შესაბამისი ნაბიჯები. როცა ახალ დეპუტატს კითხვები გამიჩნდა, მაშინვე ამაზე საუბარი დავიწყე“, – აღნიშნა კილაძემ.
მისივე თქმით, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერი გააკეთა, რომ კითხვებს პასუხი გასცემოდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ბესელია პირად მტრად აღმიქვამდა, ეს პროცესი ჩემთვის სასიამოვნო არ არის და დადებითად არ ვარ იმ პროცესზე განწყობილი, რომელიც შეიძლება, დაიწყო და შეიძლება დაიწყოს კიდეც. ვალდებული ვარ, შესაბამის უწყებებს მივაწოდო ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია, თუ დაინტერესდებიან“, – განაცხადა სოფო კილაძემ.