სოფო კილაძე - თუ გუნდში ერთმანეთის მიმართ კითხვები არსებობს, უმჯობესია, გუნდში განვიხილოთ
შოთა შალელაშვილს დიდ პატივს ვცემ, თუმცა ასე საჯაროდ დარტყმა ჩვენი გუნდის ერთ-ერთ წარმომადგენელზე, რომელსაც სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, ვფიქრობ, უხერხულია, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა.
კილაძე მიიჩნევს, რომ თუ რაიმე კითხვის ნიშნები დგას გუნდში ერთმანეთის მიმართ, უმჯობესი იქნება მათი გარკვევა პირველ რიგში, გუნდში მოხდეს.
კითხვაზე, ზარალდება თუ არა ამ განცხადებებით ომბუდსმენის ინსტიტუტი, კილაძე ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადება უშუალოდ ომბუდსმენის ინსტიტუტზე არ ყოფილა, არამედ წულუკიანმა უჩა ნანუაშვილთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გამოხატა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შოთა შალელაშვილმა თეა წულუკიანის განცხადებას სახალხო დამცველთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო უწოდა.
შეგახსენებთ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს საქართველოს ისტორიაში პირველი უსამართლო ომბუდსმენი უწოდა.