სოფო კილაძე - თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი სამართალს ეძებს და ჯერ ვერ იპოვა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი სამართალს ეძებს და ჯერ სამართალი ვერ იპოვა.
ჟურნალისტებთან საუბარში სოფო კილაძე პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის ანგარიშის წარდგენას გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა, რომ საქართველო უსაფრთხოების თვალსაზრისით, სხვადასხვა საერთაშორისო კვლევებში მოწინავე ადგილზეა.
„საქართველო, უსაფრთხოების თვალსაზრისით სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე ადგილზეა ისეთ რთულ რეგიონში, რომელშიც ყოფნა გვიწევს. ამის უკან უსაფრთხოების სამსახურის ძალიან გამართული და ნაყოფიერი საქმიანობა დგას, თუმცა კითხვები გვაქვს, მათ შორის მაჩალიკაშვილის საქმეზე. ოჯახი სამართალს ეძებს და ჯერ სამართალი ვერ იპოვა. საქმეს პროკურატურა იძიებს, თუმცა საინტერესო იქნებოდა, ამ საქმეზე ვახტანგ გომელაურის კომენტარი და კითხვას აუცილებლად დავუსვამთ“, – აღნიშნა კილაძემ.