სოფო კილაძე - თბილისის გენერალური გეგმა ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე აცხადებს, რომ თბილისის გენერალური გეგმა ბევრ პრობლემას მოაგვარებს.
როგორც კილაძემ განაცხადა, წლების განმავლობაში თბილისი ქაოტურად ვითარდებოდა და უამრავი პრობლემა გააჩინა, რომელიც ქალაქის მცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის სერიოზულ დისკომფორტს ქმნის.
„მაგალითად, ქაოტური მშენებლობები, საცობები გზებზე, რეკრეაციული ზონების ნაკლებობა და მისგან მომდინარე ეკოლოგიური პრობლემები. პირველ რიგში, ამ ქაოსის საფუძველია ის, რომ ქალაქს არ ჰქონდა გენერალური გეგმა, რომელიც გარკვეულ ჩარჩოში მოაქცევდა ამ პრობლემებს და დაარეგულირებდა მათ. კახა კალაძე წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაპირდა საზოგადოებას, რომ შექმნიდა ამ გეგმას და მან შეასრულა ეს დაპირება უმოკლეს ვადებში. მე, როგორც ნაძალადევის მაჟორიტარი მივესალმები გენერალურ გეგმას და მგონია, რომ იგი ისეთივე წარმატებით განხორციელდება ცხოვრებაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თბილისის გენერალური გეგმა ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებს ქალაქის მცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის”, – განაცხადა სოფო კილაძემ.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დრეს განაცხადა, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა. მისივე თქმით, თბილისს მუნიციპალიტეტმა და „სითი ინსტიტუტმა“ დაასრულეს ძირითადი სამუშაო პროცესი და დოკუმენტი მზად არის შემდგომი განხილვებისთვის საკრებულოში გადასაგზავნად.