სოფო კილაძე - კანონპროექტის მიხედვით, სქესობრივი აღზრდის შესახებ განათლების მიღება შესაძლებელია მხოლოდ მშობლის თანხმობის შემთხვევაში
სქესობრივი აღზრდის შესახებ განათლების მიღება შესაძლებელია მხოლოდ მშობლის თანხმობის შემთხვევაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე „ბავშვის უფლებათა კოდექსს“ განიხილავენ.
„გადავწყვიტეთ, კანონპროექტში ჩაგვეწერა მუხლი, რაც აბსოლუტურად თავსებადობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან. თუ რომელიმე მშობელს უნდა, თავის შვილს ჰქონდეს სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები, ეს შეუძლია, თუმცა მან უნდა მისცეს თანხმობა. ვისაც არა აქვს ამის სურვილი, ვისი ღირებულებებიც ამას ეწინააღმდეგება, მაშინ სხვა ფორმით უნდა მიიღოს ბავშვმა ეს განათლება. შეიძლება, მშობელი იმ კონკრეტული გაკვეთილების შინაარსს არ ეთანხმებოდეს. ასეთი ფორმით მიწოდება არ უნდა მოხდეს, რომ საზოგადოებაში არ გამოიწვიოს დაპირისპირება, არ გამოიწვიოს მღელვარება ზოგჯერ სამართლიანი. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს ფორმულირება ჩავსვათ და შემოვიტანოთ ასეთი ვალდებულება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.