სოფო კილაძე - შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, თუმცა კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაში, პრეზიდენტიც დაცული იქნება და საზოგადოებაც
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელი სოფო კილაძე აცხადებს, რომ მსჯავრდებულთა წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაში, პრეზიდენტიც დაცული იქნება და საზოგადოებაც.
„მართალია, ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, თუმცა, თუ ჩვენ გვექნება წინასწარ გაწერილი კრიტერიუმები, ამ შემთხვევაში, დაცული იქნება თავად პრეზიდენტიც შეცდომისგან და საზოგადოებაც ისეთი გადაწყვეტილებებისგან, რომელიც მას გარეთ გამოშვებულ საშიშ დამნაშავეებს მოუტანს, რომლებმაც შეიძლება, საფრთხის ქვეშ დააყენონ კონკრეტული ადამიანების სიცოცხლე და სხვა სიკეთეები, რასაც კანონმდებლობა იცავს“, – აღნიშნა კილაძემ.
ამასთან, პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტზე დასმულ კითხვასთან დაკავშირებით, დეპუტატი აცხადებს, რომ დანაშაულის შემთხვევაში, არც ერთი პირი არ უნდა იყოს ხელშეუხებელი, თუმცა უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა დანაშაულს ადგილი.
„კონკრეტული დანაშაულის შემთხვევაში, არც ერთი პირი არ უნდა იყოს ხელშეუხებელი, არც დეპუტატი, არც პრეზიდენტი, არც პრემიერ-მინისტრი. საქმე ის არის, ჰქონდა თუ არა დანაშაულს ადგილი, თუ არ ჰქონდა, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ტყუილად ესვრიან ტალახს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის აღმოჩნდენენ მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი.