სოფო კილაძე - შესაბამისი უწყებები ძალღონეს არ იშურებენ, რომ ტატუნაშვილის ცხედარი, რაც შეიძლება მალე გადმოსცენ ოჯახს
შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, რაც შეიძლება მალე გადმოსცენ ოჯახს. ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.
დეპუტატმა ოჯახს მიუსამძიმრა და იმ ბერკეტებზე ისაუბრა, რაც ამ საკითხში საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია.
„ოკუპაცია, რომელიც უკვე წლებია ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი საფრთხე, ვისურვებდი, რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო. თუმცა საკითხი დგას ისე, თუ რა ბერკეტები გვაქვს ჩვენ ახლა იმისთვის, რომ ამ რეჟიმს გავუმკლავდეთ – პირველ რიგში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, რადგან ეს საკითხი რომ არ იყოს აქტუალური ყოველთვის საერთაშორისო დონეზე, ფორუმებსა და ა.შ. ბუნებრივია, კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში ვიქნებოდით. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას. ბუნებრივია, ამავდროულად ჩვენ, როგორც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გადავდგათ რა ნაბიჯებიც შეგვიძლია. შესაბამისი უწყებები ნამდვილად ძალღონეს არ იშურებენ იმისთვის, რომ ცხედარი თავის ოჯახს გადაეცეს“, – განაცხადა კილაძემ.
მისი თქმით, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ გააკეთა გუშინ განცხადება ცხედრის ექსპერტიზასთან დაკავშირებით, რომ შესაბამისი მასალები რუსეთში იგზავნება.
„არ მაქვს განცდა, რომ იქ რაიმე სამართლებრივად და სწორად გაკეთდება. ჩემი აზრით, ეს არის ფანდი, გაწელონ და გააჭიანურონ პროცესი, რომ სიმართლის დადგენა გაჭირდეს”, – განაცხადა კილაძემ.
დეპუტატის განცხადებით, მას აბსოლუტურად ესმის ტატუნაშვილის ოჯახის და იზარებს მათ მწუხარებას.
„მესმის, რატომაც აკეთებენ. რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ”, – განაცხადა კილაძემ.
ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ახლობლებმა და თანასოფლელებმა, გუშინ სოფელ ნატახტართან აქცია გამართეს, ისინი ცხედრის გადმოცემას მოითხოვდნენ. ოკუპირებულმა ცხინვალმა ერგნეთში გამართულ გუშინდელ შეხვედრაზე ცხედრის გუშინ გადმოცემაზე უარი განაცხადა. ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცხედარი ტატუნაშვილის ოჯახს მას შემდეგ გადაეცემა, რაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ექსპერტიზა ჩაუტარდება.
არჩილ ტატუნაშვილის მამამ გუშინ განაცხადა, რომ ის შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, სადაც შეთანხმდნენ, რომ ოჯახის წევრები კიდევ ორი დღის განმავლობაში დაელოდებიან ცხედრის გადმოსვენებას და ამ პერიოდში აქციებს შეწყვეტენ.