სოფო კილაძე - სარჩელების რაოდენობით, ერთ სულ მოსახლეზე, ჩვენ გვაქვს ევროპის ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელი
ჩვენ გვაქვს ევროპის ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე სარჩელების რაოდენობით და ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად კარგი ინდიკატორია იმისა, რომ იმ რეფორმებმა, რაც 2012 წლიდან დავიწყეთ, კარგი შედეგი მოგვცა,- ასე აფასებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიშს.
„ის სტატისტიკა, რომელიც თქვენ მოიტანეთ და რომელიც არის ფაქტი, ამ ფაქტს ვერც ჩვენი ოპონენტები წაუვლენ ვერსად, ვერც მათი მხარდამჭერები. საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის, მან ყველაზე კარგად იწვნია თავის თავზე რეჟიმი, რომელიც ადამიანის ღირსებას ფეხქვეშ თელავდა და ამით მგონი, ყველაფერია ნათქვამი“,- განაცხადა სოფო კილაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
კილაძემ აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, მმართველ გუნდს არ აქვს თვითკმაყოფილების უფლება, რადგან ადამიანის უფლებათა სფერო ის მიმართულებაა, რომელსაც მუდმივი მუშაობა სჭირდება.
„ადამიანის უფლებების სფერო ისეთი სფეროა, სადაც გამუდმებით, 24 საათის მანძილზე უნდა ვიმუშაოთ, რათა იდეალურ შემთხვევაში, არც ერთი სარჩელი არ წავიდეს ქვეყნიდან არა იმიტომ, რომ ვთქვათ, ვინმეს შეეშინდეს სარჩელის შეტანა, არამედ იმიტომ, რომ რეალურად, საფუძველი არ ჰქონდეს ადამიანებს რომ ეს წავიდეს. მესმის, რომ ეს იდეალური ვარიანტია და ასეთი ქვეყანა დღესდღეობით არ არსებობს, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ ამ იდეალისკენ მივისწრაფოდეთ, რომ არც ერთი ადამიანი არ იყოს დაჩაგრული ამ ქვეყანაში და ყველა ადამიანს ჰქონდეს განვითარების თანაბარი შანსები. მგონია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კიდევ ბევრს გააკეთებს იმისთვის მომავალშიც, რომ ჩვენ ასეთი სიტუაციასთან ბოლომდე თუ არა, მიახლოებულები მაინც ვიყოთ“,- განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.