სოფო კილაძე - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებათა უმძიმეს დარღვევებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება
რუსეთის დელეგაცია შეეცადა დაერწმუნებინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომ ისინი პასუხისმგებელნი არ არიან უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებათა უმძიმეს დარღვევებზე, თუმცა როგორც ყველამ კარგად ვიცით, მათ იციან სიმართლე, რომ ეთნიკური ქართველები ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევების მსხვერპლნი არიან, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის პროგრესთან დაკავშირებით სხდომაზე საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, სოფო კილაძემ განაცხადა.
კილაძემ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანების უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეს.
„ერთი მტკივნეული საკითხი, რომელზეც ემოციის გარეშე საუბარი არ შემიძლია, არის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები, რუსეთი მიერ ოკუპირებული ტერიტორიები და ჰუმანიტარული კატასტროფის ადგილები. გუშინ და დღეს ბატონი ტოლსტოი და ბატონი სლუცკი, ასევე სხვა პარლამენტარები შეეცადნენ, დაერწმუნებინათ ასამბლეა, რომ ისინი პასუხისმგებელნი არ არიან უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანების უფლებათა უმძიმეს დარღვევებზე. თუმცა, როგორც ყველამ კარგად ვიცით, მათ იციან სიმართლე, რომ ეთნიკური ქართველები ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევების მსხვერპლნი არიან. მკვლელობები, წამება, გატაცება, უკანონო დევნა, მათ იციან, რომ რუსეთია პასუხისმგებელი ყველა ამ დარღვევაზე. გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ოკუპაციის რეალური სახეა.
ძვირფასო კოლეგებო, წარმოიდგინეთ ოჯახის ტანჯვა, როდესაც მათ ახალგაზრდა მამაკაცის, არჩილ ტატუნაშვილის ნაწამები ცხედარი, დაახლოებით ერთთვიანი მტკივნეული მოლოდინის შემდეგ მიიღეს, შინაგანი ორგანოების გარეშე“,- აღნიშნა კილაძემ.
ამასთან, კილაძემ 2020 წელს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა. მისივე თქმით, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები საქართველოს ხელისუფლების მთავარი მიზანია.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საჯარო და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება დაფუძნებული იქნება მაღალ დემოკრატიულ სტრანდარტზე. თანმიმდევრული გადასვლა, პროპორციულ სისტემაზე 2024 წლის საარჩევნო ციკლისთვის აუცილებელია საქართველოში დემოკრატიის მშენებლობის პროცესის გაძლიერებისა და შეუქცევადობისთვის. პირველად ისტორიაში, ჩვენ გამჭვირვალე და ღია პროცედურა გვქონდა მოსამართლეების არჩევისა და დანიშვნისთვის. საქართველო მომავალშიც გააძლიერებს მის ადამიანის უფლებების დაცვის რეფორმების მიმართ. ამავდროულად, ჩვენ გვჭირდება თქვენი მტკიცე მხარდაჭერა, რათა დავიცვათ ინდივიდები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, რომელთა გარეშეც წარმატებული ვერ იქნება ადამიანის უფლებების იმ ღირებულების დაცვა, რომელიც გვაერთიანებს ამ ორგანიზაციის ყველა წევრს“,- განაცხადა სოფო კილაძემ.