სოფო კილაძე - სალომე სამადაშვილს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გაწევრიანება შეუძლია
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე განმარტავს, რომ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას” მის კომიტეტში კვოტა ასათვისებელი აქვს, შესაბამისად, სალომე სამადაშვილს კომიტეტში გაწევრიანება შეუძლია.
ჟურნალისტებთან საუბარში კილაძემ აღნიშნა, რომ კომიტეტის წევრი თინა ბოკუჩავა იყო, რომელიც კომიტეტიდან გავიდა და ფრაქციის კვოტა ამ დრომდე ვაკანტურია.
„ეს საკითხი ფრაქციის გადასაწყვეტია, რადგან კომიტეტში კვოტა აქვს. ჩემი მუშაობის სტილი კანონთან შესაბამისია და თუ ვინმეს უნდა განცხადება გააკეთოს, რეგლამენტის პროცედურებს თუ არ გადააჭარბებს, აზრის გამოხატვის საშუალებას ყველას ვაძლევ, მომწონს თუ არა”, – განაცხადა სოფო კილაძემ.
სალომე სამადაშვილმა დღეს პროტესტის ნიშნად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დატოვა და აღნიშნა, რომ კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სიტყვით გამოსვლის უფლებას ხშირად უზღუდავს.