სოფო კილაძე - სახალხო დამცველის 303 რეკომენდაციიდან 226 გათვალისწინებულია, რაც რეკორდული მაჩვენებელია
პარლამენტი ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშს მოისმენს.
დეპუტატებს დოკუმენტს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე წარუდგენს, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანო კენჭს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს უყრის.
კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის 303 რეკომენდაციიდან 226 გათვალისწინებულია, რაც წინა წლებთან შედარებით, რეკორდული მაჩვენებელია.
„ეს იმას ნიშნავს, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტსა და იმ რეკომენდაციებს ძალიან სერიოზულად აღვიქვამთ, რომელსაც სახალხო დამცველი გასცემს. ახალი სახალხო დამცველის პირობებში დოკუმენტი ხარისხობრივად გაუმჯობესებულია. რაც შეეხება აქცენტებს, ყველაზე მეტი რეკომენდაცია სწორედ სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვას ეხება. ეს კიდევ ერთხელ იმას ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანაში უმთავრესი გამოწვევა სიღარიბეა და ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გავაგრძელოთ”, – დასძენს კილაძე.