სოფო კილაძე - რუსეთი საოკუპაციო პოლიტიკას აგრძელებს და ქართული მხარე მათ უკანონო მოთხოვნას პრინციპულად არ შეასრულებს
სოფო კილაძე - რუსეთი საოკუპაციო პოლიტიკას აგრძელებს და ქართული მხარე მათ უკანონო მოთხოვნას პრინციპულად არ შეასრულებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, რუსეთი საოკუპაციო პოლიტიკას აგრძელებს და ქართული მხარე მათ უკანონო და უსამართლო მოთხოვნას პრინციპულად არ შეასრულებს.

ჟურნალისტებთან საუბარში სოფო კილაძე სოფელ ჩორჩანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქმის კურსში არიან ქვეყნის პარტნიორები და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა.

„ეს არის საქართველოს სახელმწიფოს პოლიციის საგუშაგო, რომელიც იცავს მოქალაქეების უფლებებს, მათ უსაფრთხოებას. ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ, რომ ეს საკითხი ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდეს. ოპონენტებს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებისგან, რადგან ეს ეხება სამშობლოს, მის ერთიანობას და ამ მიმართულებით ყველანი ერთსულოვანი უნდა ვიყოთ“, – განაცხადა კილაძემ.

ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლების მოთხოვნის ვადა ამოიწურა. მათ 30 აგვისტოს, 06:00 საათამდე ქართული პოსტის გაუქმება მოითხოვეს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ განაცხადა, ბლოკპოსტის დაშლის საკითხი არც კი განიხილება.