სოფო კილაძე - ოპოზიციის რიტორიკა, რომ არჩევნები კრიმინალის ფონზე ჩატარდა, არასწორია და მათ ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურება
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის მოსაზრებით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურის ჩატარება ტრაგედია არ არის და ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესია.
ჟურნალისტებთან საუბარში სოფო კილაძემ შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ მეორე ტურსაც ღირსეულად მოიგებს. დეპუტატის თქმით, არჩევნების მეორე ტური 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც ჩატარდა, რაც ჩვეულებრივი საარჩევნო პროცესია.
„ამის ანალიზს გავაკეთებთ. შესაძლოა რამდენიმე მიზეზი არსებობდეს. რაც შეეხება არჩევნებს, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები ჩავატარეთ. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. საერთაშორისო პარტნიორები აცხადებენ, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, რაც მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ოპოზიცია კი, ყოველთვის საწინააღმდეგოს იტყვის.
თუ დარღვევა გამოვლინდება, ამაზე რეაგირება იქნება. კონკრეტულ დარღვევაზე რეაგირება გუშინაც იყო, მაგრამ ოპოზიციის რიტორიკა, რომ არჩევნები კრიმინალის ფონზე ჩატარდა, არასწორია და მათ ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.