სოფო კილაძე - ნიკა მელიამ მოსამართლის გადაწყვეტილება გულისყურით უნდა წაიკითხოს, ნახავს პასუხს, როგორ უნდა იმოქმედოს კანონის ფარგლებში
ნიკა მელიამ მოსამართლის გადაწყვეტილება გულისყურით უნდა წაიკითხოს, პასუხს ნახავს, თუ როგორ უნდა მოიქცეს და იმოქმედოს კანონის ფარგლებში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განუცხადა.
კილაძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ვერც საკანონმდებლო და ვერც აღმასრულებელი ხელისუფლება ვერანაირ ზეგავლენას ვერ იქონიებს.
„კონკრეტული მოსამართლის გადაწყვეტილებაზე პასუხი თავად ამ გადაწყვეტილებაში უნდა ვეძებოთ“, – განაცხადა კილაძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროკურატურა ნიკა მელიას ელექტრონულ მონიტორინგს განახორციელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.