სოფო კილაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ისე შორსაა ადამიანის უფლებებისგან, როგორც საქართველო და ჩრდილოეთ კორეა
თქვენს ადგილზე ძალიან შემრცხვებოდა ადამიანის უფლებების კომიტეტზე შემოსვლა, რადგან თქვენ და თქვენი პოლიტიკური ძალა ისე შორს ხართ ადამიანის უფლებებისგან, როგორც საქართველო და ჩრდილოეთ კორეა, – ასე მიმართა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილს.
„გამოვიყენებ ჩემს უფლებამოსილებას. ახლა ქალბატონი სალომე რომ საუბრობდა ადამიანის უფლებებზე, მე, მაგალითად, თქვენს ადგილზე ძალიან შემრცხვებოდა ადამიანის უფლებების კომიტეტზე შემოსვლა, რადგან თქვენ და თქვენი პოლიტიკური ძალა ისე შორს ხართ ადამიანის უფლებებისგან, როგორც საქართველო და ჩრდილოეთ კორეა. მგონი, ძალიან კარგი შედარებაა ამ დიდი მანძილის შესაფასებლად“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
სოფო კილაძეს სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კომიტეტის სხდომის წამყვანს მსგავსი განცხადების გაკეთების უფლება არ აქვს.
„ქალბატონო სოფიო, ეს თქვენი უფლებამოსილება არ არის. თქვენ ხართ სხდომის წამყვანი, ეტყობა, არ გესმით. ზოგადად ხომ არაკომპეტენტური ხართ, მათ შორის, ადამიანის უფლებების მიმართულებით, მაგრამ რეგლამენტი მაინც წაიკითხეთ. რეგლამენტი წაიკითხეთ და გაერკვიეთ, თქვენი ვალდებულება რა არის, კომიტეტის სხდომა როცა მიგყავთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სალომე სამადაშვილსა და სოფო კილაძეს შორის კამათი ადამიანის უფლებების კომიტეტზე სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენის დროს სალომე სამადაშვილის მიერ დასმულ კითხვებს მოჰყვა. კითხვები შეეხებოდა გიორგი რურუას საქმესა და 20 ივნისის მოვლენებს.