სოფო კილაძე - მჯერა, რომ ერთად დგომით შევძლებთ ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული საზოგადოების შექმნას
ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის, ასევე, მშვიდობიანი შეკრების უფლება და მისი უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიუღებელია აზრის გამოხატვის გამო ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება.
„არაერთხელ აღმინიშნავს ჩვენი ქვეყნის ტოლერანტობის ხანგრძლივი ისტორიის შესახებ და ვთვლი, რომ ღირებულებების თვალსაზრისით, ჩვენ ისტორიულად ევროპული ოჯახის ნაწილი ვართ. ამ ისტორიულმა ტრადიციამ ქვეყნის უზენაესი კანონში ჰპოვა სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს ყველა სახის დისკრიმინაციასა და უზრუნველყოფს თითოეული ინდივიდის თანასწორუფლებიანობას. მოწყვლადი ჯგუფების მათი დაცვა სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ საჭიროებას წარმოადგენს. დემოკრატიული სახელმწიფოსათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის არის უმცირესობათა უფლებების დაცვა. შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში ჰომოფობიისა და ტრანსფობიისთვის ადგილი არ რჩება”, – განაცხადა სოფო კილაძემ.
მისივე თქმით, ოჯახის სიწმინდის დაცვა ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილისთვის უმნიშვნელოვანესია.
„ის ჩვენი საზოგადოების უმეტესობისთვის ტრადიციაა, რომელსაც გაფრთხილება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა სჭირდება. მიუხედავად საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის არსებული განსხვავებებისა, დაუშვებელია ეს გახდეს ქვეყანაში დაპირისპირების და ძალადობის საფუძველი. ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის, ასევე, მშვიდობიანი შეკრების უფლება და მისი უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა. მიუღებელია აზრის გამოხატვის გამო ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება. ადამიანი წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს ღირებულებას. დემოკრატიული, მრავალფეროვანი სახელმწიფოც სწორედ მაშინ არის ძლიერი, როდესაც განსხვავებულ ადამიანებს ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანი თანაცხოვრება შეუძლიათ. მჯერა, რომ ყველა ერთად დგომით, მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებით შევძლებთ საბოლოოდ ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული საზოგადოების შექმნას”, – განაცხადა კილაძემ.