სოფო კილაძე - კრიმინოგენურ მდგომარეობაზე ბრალდებებს იმ პოლიტიკური ძალისგან ვისმენთ, რომელმაც სახელმწიფო კრიმინალად აქცია
სოფო კილაძე - კრიმინოგენურ მდგომარეობაზე ბრალდებებს იმ პოლიტიკური ძალისგან ვისმენთ, რომელმაც სახელმწიფო კრიმინალად აქცია

ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის თაობაზე ბრალდებების მოსმენა იმ პოლიტიკური ძალისგან გვიწევს, რომელმაც სახელმწიფო კრიმინალად აქცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, აგრესია განსაკუთრებით ბავშვებს შორის არის და ამის პრევენციის მიზნით, ღონისძიებებია განსახორციელებელი.

„ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევები. ვხედავთ, რომ აგრესია განსაკუთრებით ბავშვებს შორის არის. ამ კუთხით სამუშაო გვაქვს. დიდი ნაბიჯებია გადასადგმელი პრევენციის მიმართულებით. ამას სჭირდება ღრმა ანალიზი. ბავშვები აგრესიას ხედავენ მედიაში, პოლიტიკურ ველზე, ყველა მიმართულებით, საითაც გაიხედავენ. ამის შემდეგ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ბავშვებში არის აგრესია. სექტემბრიდან ძალაში შედის „ბავშვის უფლებათა კოდექსი” და აქცენტი პრევენციაზე გაკეთდება. რაც შეიძლება ბევრს ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ბავშვების ახალგაზრდული ენერგია მივმართოთ ჯანსაღ ცხოვრებაზე და სიძულვილის ენა ავიცილოთ საზოგადოებაში, რაც მათში აგრესიას აღრმავებს”, – განაცხადა კილაძემ.