სოფო კილაძე - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის მუშაობა იყო მაქსიმალურად გამჭვირვალე
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი სოფო კილაძე აცხადებს, რომ კომისიის მუშაობა იყო გამჭვირვალე და გამოძიების მიერ ვინმესთვის ხელის დაფარება არ გამოვლენილა. სოფო კილაძე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას გამოეხმაურა, რომლებიც კომისიის მუშაობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე საუბრობენ.
„ბუნებრივია, არასამთავრობო სექტორს შეიძლება, ჰქონდეს საკუთარი მოსაზრება. მათ შეუძლიათ, გამოხატონ მოსაზრება, თუმცა, მე გეტყვით ჩვენს პოზიციას, რომელიც ცალსახად დაცლილია ყოველგვარი პოლიტიკური ინტერესისგან. ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესში იყო, მომხდარიყო ჭეშმარიტების დადგენა ამ საქმეზე. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, ოპოზიციას ჰქონოდა ამ შემთხვევაში წამყვანი როლი, რომ შემდეგ რაიმე კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო. მთელმა საზოგადოებამ ონლაინ რეჟიმში ნახა, როგორ მუშაობდა კომისია. ყველაფერი იყო მაქსიმალურად გამჭვირვალე.
საბოლოო ჯამში, რაიმე ხელის დაფარება ვინმესთვის ნამდვილად არ გამოვლენილა. უბრალოდ, აქ საქმე გვაქვს სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც აუცილებლად აისახება იმ დადგენილების პროექტში, რომელსაც წარვადგენთ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე. დადგენილების პროექტში აისახება ის ძირითადი მიგნებები, რომელიც აქვს კომისიას. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს პროცესი მთლიანად იყო საზოგადოებრივი კონტროლის პარალელურად განხორციელებული, რადგანაც თუ დარღვევა გამოიკვეთებოდა, ამას აუცილებლად დაინახავდა თვითონ საზოგადოება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან და რეკომენდაციებთან დაკავშირებით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება დღეს გაავრცელა. არასამთავრობოების განცხადებით, პოლიტიკოსებით დაკომპლექტებული კომისიის საქმიანობა პოლიტიკური განწყობებისგან დაცლილი ვერ იქნება, თუმცა დასკვნა დასახულ მიზანს პასუხობს.