სოფო კილაძე - ირაკლი შოთაძე ღირსეული ადამიანი და კარგი პროფესიონალია
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს.
რაც შეეხება გენერალური პროკურორობის ერთ-ერთ კანდიდატად დასახელებულ ირაკლი შოთაძეს, დეპუტატის შეფასებით, შოთაძე ღირსეული ადამიანი და პროფესიონალია.
„პროცესი რეალურად გამჭვირვალეა და ეს პროცედურა, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში დამტკიცდა, არის აღიარებული, როგორც დემოკრატიული პროცედურა, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. რაც შეეხება ირაკლი შოთაძეს, ვფიქრობ, ის ღირსეული ადამიანი და კარგი პროფესიონალია. თუ პარლამენტში მისი კანდიდატურა შემოვა, მე პირადად მხარს დავუჭერდი. თუმცა უნდა ვნახოთ სხვა კანდიდატებიც, მაგრამ თავად ირაკლი შოთაძეს თუ შევაფასებთ, ვფიქრობ, რომ ის კარგი პროფესიონალია“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
ამასთან, დეპუტატი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი ნებისმიერი კანდიდატი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის კრიტიკის ობიექტი იქნება.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ნებისმიერ კანდიდატს, რომელსაც „ქართული ოცნება“ დაუჭერს მხარს, ვინც არ უნდა იყოს, რა ღირსებებიც არ უნდა ჰქონდეს, რა პროფესიონალიც არ უნდა იყოს, არასამთავრობოების ნაწილი და ოპოზიცია მაინც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებენ. ამას მიჩვეული ვართ. სამწუხაროდ, ეს ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეულებრივი დღის წესრიგია და ამას თუ მივყევით, მაშინ გამოვა, რომ ქვეყანაში ვერაფერს გავაკეთებთ. ჩვენ გადაწყვეტილება ორი კრიტერიუმით უნდა მივიღოთ: პიროვნული ღირსებები კანდიდატის, რომელსაც „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს, ასევე მის მიერ გაწეული საქმიანობის პროფესიონალიზმი“, – განაცხადა დეპუტატმა, სოფო კილაძემ.
ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს გუშინ წარედგინა. დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 14 კანდიდატია წარდგენილი. წარდგენილი კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე იტვირთება.
კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა დღევანდელი დღის ჩათვლით გრძელდება.