სოფო კილაძე იმედოვნებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორი სახალხო დამცველის მიმართვაზე ობიექტურ დასკვნას დადებს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე იმედოვნებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორი სახალხო დამცველის მიმართვაზე, რომელიც იუსტიციის მინისტრის მიერ ჩანაწერების გასაჯაროებას შეეხება, ობიექტურ დასკვნას დადებს.
როგორც სოფო კილაძემ განაცხადა, საკითხთან დაკავშირებით საინტერესო იქნება იუსტიციის სამინისტროს პოზიციის მოსმენაც.
„ჩვენთვის, პარლამენტისთვის, სახალხო დამცველის ინსტიტუტი არის უმნიშვნელოვანესი ადამიანის უფლებების მონიტორინგის კუთხით. ამ კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, იმედი მაქვს, რომ ობიექტურ დასკვნას დადებს სახელმწიფო ინსპექტორი და გამოიკვეთება სამართლებრივი შეფასება საქმის. თუმცა მგონია, რომ ამ თემის ასე აჟიტირება არ ღირს, რადგან ამას მიეცემა სამართლებრივი მსვლელობა და გაეცემა პასუხი. ასევე, ძალიან საინტერესოა იუსტიციის სამინისტროს პოზიციის მოსმენა, რა გახდა მათი მხრიდან პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველი. ამიტომ, შევაჯეროთ ორივე პოზიცია და ამის შემდეგ დადებს სახელმწიფო ინსპექტორი დასკვნას“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
სახალხო დამცველმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს 22 იანვარს მიმართა, რათა შეისწავლოს იუსტიციის მინისტრის მიერ ჩანაწერების გასაჯაროების ფაქტი.