სოფო კილაძე - იმედი მაქვს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ქართულ სასამართლოზე ტალახის სროლა დასრულდება
სოფო კილაძე - იმედი მაქვს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ქართულ სასამართლოზე ტალახის სროლა დასრულდება

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, ფაქტობრივად, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ „რუსთავი 2“-თან მიმართებაში არ დარღვეულა არც მედია თავისუფლება და არც საკუთრების უფლება.

დეპუტატის თქმით, იმედოვნებს, რომ ამით დასრულდება შეტევა, რომელიც საქართველოს სასამართლოზე მიმდინარეობს.

„სტრასბურგმა დაადასტურა, რომ საქართველოს სასამართლოების სამივე ინსტანციის გადაწყვეტილებები იყო რეალურად სამართლიანი და სრულ შესაბამისობაში მოდიოდა სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასა და კონვენციასთან. იმედი მაქვს, სასამართლოზე ტალახის სროლა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება”, – განაცხადა კილაძე.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ საჯარო რეესტრს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩააბარა და მისი აღსრულება მოითხოვა. რეესტრმა, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ტელეკომპანიის 60-პროცენტიანი წილის მფლობელად ქიბარ ხალვაში, 40-პროცენტიანი წილის მფლობელად კი შპს „პანორამა“ დაარეგისტრირა.