სოფო კილაძე გოგორიშვილს და ნადირაშვილს - კარგი იქნებოდა საპატიმროში მაშინ შესულიყავით, ნაწამები ხალხის ხმა ცამდე რომ ადიოდა, თქვენი ყურები კი დახშული იყო
კარგი იქნებოდა, ქალბატონო ირმა, საპატიმროში მაშინ შესულიყავით, როდესაც ხალხს უმოწყალოდ აწამებდნენ, თქვენც ქალბატონო ხათუნა, – ასე უპასუხა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძე ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვას, 20-21 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულები მოინახულა თუ არა საპატიმროში.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ანგარიშს განიხილავდნენ. „ევროპული საქართველოს“ წევრები ირმა ნადირაშვილი და ხათუნა გოგორიშვილი დაინტერესდნენ, სოფო კილაძემ, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მოინახულა თუ არა 20-21 ივნისის აქციაზე დაკავებულები.
„ჩვენი საქმიანობის ფარგლებში შესაბამის უწყებებთან გვქონდა კომუნიკაცია. მესმის, რომ თქვენ არ დამეთანხმებით, მესმის, რომ მაინც ერთ ამბავს ატეხთ, ეს თქვენი უფლებაა, ხოლო ჩემი უფლება და ვალდებულებაა, რომ კითხვებს ვუპასუხო. მე გავეცი ამ კითხვებს პასუხი. ეს პასუხები თქვენ არ მოგეწონებათ, ამაში ეჭვი არ მეპარება,“ – მიმართ სოფო კილაძემ დეპუტატებს.
კილაძის ამ განცხადების შემდეგ ირმა ნადირაშვილმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარეს იგივე კითხვა რამდენჯერმე გაუმეორეს.
„ვერ მივიღე პასუხი კონკრეტულ კითხვაზე, შეხვდით თუ არა 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ჯიქურის მეუღლეს, ან რომელიმე დაკავებულს“, – მიმართა ეკა ბესელიამ სოფო კილაძეს.
ამასთან, იგივე კითხვით მიმართა ირმა ნადირაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს: „ქალბატონო სოფო, შეგიძლიათ რამენაირად მიმანიშნოთ, თავი მაინც დამიქნიეთ, საპატიმროში იმ ადამიანების მოსანახულებლად იყავით თუ არა,“ – მიმართა ირმა ნადირაშვილმა კილაძეს.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ დეპუტატებს უპასუხა და აღნიშნა: „კარგი იქნებოდა, ქალბატონო ირმა, საპატიმროში მაშინ შესულიყავით, როდესაც ხალხს უმოწყალოდ აწამებდნენ, თქვენც ქალბატონო ხათუნა. ნაწამები ხალხის ხმა რომ ცამდე ადიოდა და თქვენი ყურები დახშული იყო, კარგი იქნებოდა აი, მაშინ შესულიყავით“, – განაცხადა სოფო კილაძემ.