სოფო კილაძე - ეკატერინე ტიკარაძის მიერ დაანონსებული რეფორმა, მნიშვნელოვნად შეამცირებს მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე საკუთარი ჯიბიდან გაღებულ ხარჯებს
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის მიერ დაანონსებული რეფორმა, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეამცირებს ხარჯების რაოდენობას, რასაც ჩვენი მოსახლეობა საკუთარი ჯიბიდან იღებს ოპერაციებსა და მკურნალობაზე, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს „ქართული ოცნების“ მიერ 2013 წელს დაწყებული რეფორმის გაგრძელებაა.
„ეს არის მომდევნო ნაბიჯი იმ დიდი რეფორმის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 2013 წელს დაიწყო და ამ რეფორმის საფუძველზე ადამიანებს შეუმცირდებათ ჯიბიდან გადახდილი თანხები ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით“, – განაცხადა დეპუტატმა.
გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფები ყველა კლინიკისთვის გაათანაბროს. ამასთან, მისივე თქმით, ონკოლოგიური პაციენტების შეღავათიან ფასად მკურნალობის მიზნით, რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებები იგეგმება.