სოფო კილაძე - „ქართულ ოცნებას“ არ ეკადრება გუნდის წევრებმა ერთმანეთს შეურაცხყოფა საჯაროდ მიაყენონ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, სამწუხაროდ, დავით ჭიჭინაძე პარტიულ დისციპლინას არღვევდა და გუნდის წევრებს წარმოუდგენელი შეურაცხყოფა არაერთხელ მიაყენა, რაც ცუდია.
როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, „ქართული ოცნების” წარმომადგენლები ასე არ უნდა იქცეოდნენ.
„ქართულ ოცნებას“ არ ეკადრება, გუნდის წევრებმა ერთმანეთს შეურაცხყოფა სახალხოდ მიაყენონ. საზოგადოებას პარტიაში არსებული გასხვავებული აზრი არაერთხელ გაუგია, რაც ნორმალურია. პირადად მე, განსხვავებული აზრი დამიფიქსირებია, მაგრამ ამისთვის პარტიიდან არავის გავურიცხივარ. მთავარი, რაც არ გამიკეთებია, ისაა, რომ პარტიაში სხვა ადამიანისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის საფუძველი კრიტიკული აზრი არ იყო, არამედ ეს იყო შეურაცხყოფა, რაც დაუშვებელია”, – განაცხადა კილაძემ.
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.