სოფო კილაძე დარწმუნებულია, რომ აზარტული თამაშების საკითხზე გუნდში პოლიტიკური კონსენსუსი შედგება
ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ამ, ან სხვა რომელიმე უფრო მკაცრი პროექტით აზარტული თამაშები და მასზე დამოკიდებულება ნულამდე დავა, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„საერთოდაც რომ ავკრძალოთ, მაინც იქნებიან ადამიანები, რომლებიც კანონის გვერდის ავლით ითამაშებენ, მაგრამ ჩვენი მიზანია, ხელმისაწვდომობა არ იყოს. განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ მხრივ მოწყვლადია. ესაა არასრულწლოვნები და დამოკიდებული ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავსა და ოჯახს აზიანებენ. ჩვენი მიზანია, მათი რიცხვი მინიმუმადე დავიყვანოთ“,- განაცხადა კილაძემ.
მისი თქმით, წინა რეჟიმმა ამ სფეროს სრული დერეგულაცია მოახდინა და სათამაშო ბიზნესს ფართო გზა მისაცა.
„ამან გამოიწვია ის, რომ დღეს დამოკიდებულ პირთა მთელი არმია გვყავს, რომლებმაც პატარა ასაკიდან დაიწყეს და რომლებიც ახლა უკვე კატასტროფის წინაშე დგანან“,- განაცხადა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
როგორც მან აღნიშნა, სათამაშო ბიზნესის რეგულაციისთვის სახელმწიფომ ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადადგას.
„ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ და შევქმენით პაკეტი, რომელიც აზარტული თამაშების დარეგულირებას ეხებოდა. ამ პაკეტიდან ფინანსთა სამინისტრომ გარკვეული ნაწილები ამოიღო. არის საკითხები, რაზეც, ალბათ, აზრთა შეჯერება შეიძლება, მაგრამ მაქსიმალურად მივესალმები ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ პროექტს, რადგან პრინციპი ისაა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ნაბიჯი აუცილებლად არის გადასადგმელი.
სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, მათ შორის, ჩაერიოს მაშინ, როცა ადამიანი ოჯახს ანადგურებს. რეალურად, ჩვენ ადამიანებს ვკარგავთ და გადასახადის გადამხდელი გადასახადს იმიტომ არ გვიხდის, რომ ჩვენ ხელფასები ავიღოთ. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, ადამიანებზე ვიზრუნოთ და მოქალაქეები ამ პრობლემის პირისპირ მარტო არ დარჩნენ “, – განაცხადა კილაძემ.
მისივე თქმით, რეგულაციები თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს.
„ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში სათამაშო ბიზნესი დარეგულირებულია და რეგულაციები საკმაოდ მკაცრია. მაგალითად, მათ შორის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება იმათ, ვინც არასრულწლოვნებს, თუ დამოკიდებულ პირებს ათამაშებს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
პირველი არხის ჟურნალისტის, სანდრო ჯუფალაკიანის კითხვაზე, რომ იმ მოცემულობაში, როცა პარლამენტში ბიზნესმენები საკმაოდ მრავლად არიან, არსებობს თუ არა გუნდში კონსენსუსი, თუ რამდენად მკაცრი იქნება მიდგომები იმ პროექტისგან განსხვავებით, რაც ფინანსთა სამინისტროს მიერ არის წარმოდგენილი, სოფო კილაძემ განაცხადა, რომ მიდგომები არც ითუ ისე მკაცრია.
„ჩვენს მიერ პირველად შემუშავებულ პროექტში სისხლის სამართლის პასუხისგებაზე იყო საუბარი. წარმოდგენილი პროექტი კი, მხოლოდ ადმინისტრაციულ ჯარიმებს ითვალისწინებს. რაც შეეხება ბიზნესმენებს, არ მგონია, ბიზნესი ამ ფორმით რეგულაციების წინააღმდეგი იყოს. პარლამენტის უმრავლესობაში არიან ბიზნესმენები, რომლებიც მაგალითად, ძალიან მემარცხენე პოზიციებსაც იზიარებენ.
მე არ გამიგია, რომ რეგულაციებს ვინმე მკაცრად ეწინააღმდეგება. ვერ ვიტყვი, რომ გუნდში ბოლომდე შეჯერებული ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კონსენსუსი შედგება და საბოლოო ჯამში, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
პირველი არხის ანალიტიკოსის, მერაბ ჯანიაშვილის კითხვაზე, რამდენად შეძლებს ხელისუფლება რეგულაციების აღსრულებას და რა მექანიზმებით მოხდება აღსრულება, სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ უნდა მოხდეს ისეთი მექანიზმების შემუშავება, რომ პროექტში მოცემული რეგულაციები მხოლოდ ფურცელზე არ დარჩეს.
„ეს პროექტი მექანიზმების ამოქმედების საშუალებას იძლევა, მაგრამ ეს მაინც მომდევნო ნაბიჯია, რაზეც აუცილებლად უნდა შევჯერდეთ და ქმედითი მექანიზმები შევიმუშაოთ“, – განაცხადა კილაძემ.